Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი ალმაატაში

მიმდინარე წლის 4-10 დეკემბერს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი მიწვეული პროფესორის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა ყაზახეთის ქალაქ ალმაატაში, ყაზახეთის ნაციონალურ სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციების კურსის წასაკითხად.

პროფ. ვ. მარგველაშვილის ლექციების თემატიკა იყო: „დენტალური იმპლანტაცია - პაციენტის ორთოპედიული რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდი.“  ლექციებს ესწრებოდნენ როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე რეზიდენტები, დოქტორანტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ლექციების შემდეგ მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები და თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალური პრობლემების განხილვა.

ვიზიტის პერიოდში უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: „თანამედროვე სტომატოლოგია და ყბა-სახის ქირურგია“, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი მეციენრები ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა პროფ. ვ. მარგველაშვილი. მისი პრეზენტაციის თემა იყო: „დენტალური იმპლანტაციის დაგეგმარების თავისებურებები“.

კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ჩვენი ფაკულტეტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის გამგე, პროფ. მანანა კალანდაძე. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენცია მაღალ აკადემიურ დონეზე იყო ორგანიზებული. პრეზენტაციები და დისკუსია საინტერესო და ახალი იდეებით და გამოწვევებით იყო დატვირთული. პროფ. მ. კალანდაძის აზრით, მსგავსი სახის საერთაშორისო კონფერენციები და შეხვედრები ხელს უწყობს მონაწილეთა და მსმენელთა პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში პროფ. ვ. მარგველაშვილს ოფიციალური შეხვედრა ქონდა სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან. აღნიშნული შეხვედრისას გადაწყდა, რომ ყაზახეთის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტს და თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიური დეპარტამენტის მომავალი მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა დაეხმარება სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს პროფესიულ წინსვლაში. დაისახა მომავალი ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარების შესაძლებლობები.